English / ქართული / русский /
ნინო გომელაური
მრავალშვილიანი ოჯახი თანამედროვე საზოგადოების თვალთახედვით

ანოტაცია

უმრავლესი კვლევების მონაცემები უჩვენებს, რომ საზოგადოებაში მიმდინარეობს ოჯახური ფასეულობებისა და როლების დევალვაცია, საოჯახო ქცევის მოტივების შესუსტება, რამდენიმე შვილის ყოლის მოთხოვნილების დაქვეითება, მისი შეცვლა პიროვნების თვითრეალიზების მოთხოვნილებით. მრავალშვილიანობა დღეს მაინც ინარჩუნებს ფასეულობით მომხიბვლელობას. ახლობლები და ნაცნობები პატივს სცემენ მათ შრომას, აქებენ მოთმინების, კარიერისა და საოჯახო საქმიანობის შეთავსებისთვის. მრავალშვილიანები ძირითადად არიან ადამიანები აქტიური ცხოვრებისეული პოზიციით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში შობადობა მცირდება, მესამე და შემდგომი რიგითობის ბავშვთა რაოდენობა ცოცხლად დაბადებულთა შორის გაიზარდა და 2016 წელს 21.3% შეადგინა.

საკვანძო სიტყვები: მრავალშვილიანი ოჯახები, დემოგრაფიული პოლიტიკა, დემოგრაფიული გადასვლა, შობადობის სტიმულირება.

შესავალი

თანამედროვე საზოგადოება ადამიანს განიხილავს როგორც მოხმარების ერთეულს. ეს ყოვლისმომცველი პროცესი ავსებს ჩვენს გარემოს. რთულია შეეწინააღმდეგო ამ პროცესს, მაგრამ უფრო რთულია მისი უარყოფა. ადამიანის ცხოვრება სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება. სწორედ ოჯახის შექმნა გვაძლევს საშუალებას, დავიცვათ ტრადიციული ფასეულობები და წინ აღვუდგეთ უცხო მომხმარებლურ კულტურას. თანამედროვე ეპოქაში ამის ნიმუშად წარმოგვიდგება მრავალშვილიანი ოჯხი.
"თანამედროვე მრავალშვილიანი ოჯახები ჩვენი დროის დისიდენტებს წარმოადგენენ" [Антонов А.И, 2013]. ეს ხატოვნი ფრაზა ასახავს მრავალშვილიანობას დღევანდელი ცხოვრების პირობებში. ერთი მხრივ, მრავალშვილიანობა საზოგადოების ხედვით დაკავშირებულია ოჯახის სხვადასხვა სირთულეებთან, მეორე მხრივ, მრავალშვილიანობა ასოცირდება სიყვარულსა და პატივისცემასთან, ურთიერთდახმარებასა და მხარდაჭერასთან, ნამდვილ ოჯახურ ყოფასთან. ერთი საკითხის ორივე მხარე გამოიხატება მოსახლეობის გამონათქვამებსა და ქცევაში: ზოგი აჩენს და ზრდის შვილებს, ზოგი პასიურად აკვირდება მომხდარს და აკრიტიკებს

* * *

საქართველოში საზოგადოების მხრიდან განსხვავებული შეხედულებები არსებობს მრავალშვილიანობისადმი. მოსახლეობის მესამედს, როცა ესმის ფრაზა "მრავალშვილიანი ოჯახი", მას აღიქვამს, როგორც ოჯახში სირთულეების და სიღარიბის განმსაზღვრელ ფაქტორად. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა იხრება აზრისკენ, რომ ბევრი შვილი წარუმატებელ ოჯახებშია, სადაც მუდმივი პრობლემები და უსიამოვნებებია. გამოკითხული მრავალშვილიანი ოჯახების 67% ვერ გრძნობს საზოგადოების მხრიდან დადებით დამოკიდებულებას. ყოველდღიურად მრავალშვილიანი დედები აწყდებიან გულგრილობას და მეტიც, გაკიცხვას, მათ უყურებენ როგორც უპასუხისმგებლო, გაუნათლებელ ადამიანებს. მესამე, მეოთხე და შემდგომი რიგითობის ბავშვის გაჩენისას ოჯახისადმი დამოკიდებულების შეცვლაზე საუბრობს ბევრი მრავალშვილიანი მშობელი. პირველი და მეორე ბავშვის გაჩენით ოჯახისადმი დამოკიდებულება დადებითი განწყობისაა. მესამე ბავშვის გაჩენა იშვიათად წარმოქმნის გაუგებრობას, თუმცა მოწონებას იმსახურებს; მეოთხე და შემდგომი ბავშვის გაჩენით გარშემომყოფთა უკმაყოფილება და კრიტიკა იზრდება.

საზოგადოებრივ ცნობიერებაში არსებობს თვალსაზრისი, რომლის თანახმად მრავალშვილიანობის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის დაბალი დონე. გარკვეული აზრით მართალია, მაგრამ ეს არ მოწმობს, რომ მატერიალური სიმდიდრის ზრდა გამოიწვევს ბავშვების რაოდენობის ზრდას. მრავალშვილიან ოჯახებში მატერიალური კეთილდღეობა და ბავშვები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. გამოკვლევებით დგინდება, რომ მრავალშვილიანი მამების და დედების ნახევარი მყარად დგანან: მუშაობენ რამდენიმე ადგილას, უნარი აქვთ ფულის შოვნის, არ არიან ღარიბები, მათი შვილები დადიან სპორტის სხვადსხვა სახეობებზე, ცეკვის და შემოქმედებით წრეებზე. მრავალშვილიან ოჯახებს დღეს ბევრად უფრო აკლიათ მორალური მხარდაჭერა. ბავშვების გაზრდა მოითხოვს არა მხოლოდ მატერიალურ უზრუნველყოფას, არამედ სულიერ, ემოციურ, მორალურ და სხვა რესურსებს. როდესაც ბავშვი ხედავს, თუ რაოდენ მნიშვნლოვანია სიყვარული და ურთიერთდახმარება, მისი პიროვნება სწორედ ამ ნიადაგზე ყალიბდება. ის პატივს სცემს ყველა ადამიანს, მათ უფლებებსა და თავისუფლებას.

როგორც უმრავლესი კვლევების მონაცემები უჩვენებს, საზოგადოებაში მიმდინარეობს ოჯახური ფასეულობებისა და როლების დევალვაცია, ოჯახში მრავალშვილიანობის მოტივაციის შესუსტება, მესამე და შემდგომი რიგითობის შვილის ყოლის მოთხოვნილების დაქვეითება, მისი შეცვლა პიროვნების თვითრეალიზების მოთხოვნილებით და "მიიღე ცხოვრებისგან ყველაფერი" [Карлсон А., 2003] პრინციპის კულტივირებით. მრავალშვილიანი ოჯახები ზოგადად აღნიშნავენ, რომ მათ აწუხებთ ჩინოვნიკების გულგრილობა სკოლებში, საავადმყოფოებში, სხვადასხვა მომსახურების ცენტრებში.

თანამედროვე საზოგადოებაში ოჯახში შვილიანობის და ოჯახური ცხოვრების ფასეულობების ტრანსლაცია, აღზრდა ძირითადად ხორციელდება ტელევიზიისა და ინტერნეტის საშუალებით. თანამედროვე მასკულტურას შეიძლება ანტიოჯახური ვუწოდოთ. როდოსის საერთაშორისო ფორუმის "ცივილიზაციათა დიალოგის" ჩარჩოში ჩატარებულ, მასიური ინფორმაციის საშუალებებით ოჯახური ფასეულობების ფორმირებისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდის მუშაობაში, სადაც მონაწილეობდნენ ექსპერტები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან, ხაზი გაუსვეს ნეგატიური ინფორმაციური ზეგავლენის ტრანსნაციონალურ ხასიათს, მასმედიის საშუალებების წინააღმდეგობრივ ქმედებას ადამიანის სულიერ სფეროზე, კულტურული და მორალური კოდის შენარჩენებაზე. სასურველია, რომ კინო და ტელეინდუსტრიის სფერო ატარებდეს სრულიად გააზრებულ სახელმწიფო დემოგრაფიულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია მრავალშვილიანობისკენ და ოჯახური ფასეულობებისადმი, განსაკუთრებით იმ ტელე და კინოპროდუქციის მეშვეობით, რომლებიც სახელმწიფოსგან ფინანსირდებიან. უნდა არსებობდეს სოციალური დაკვეთა, მათ შორის შესაბამის საინფორმაციო და კულტურის პოლიტიკაზე, რომლის მიზანია საოჯახო ცხოვრების გაჯანსაღება და შობადობის ზრდა.

ამ ფონზე საინტერესოა გავაანალიზოთ საქართველოში ოჯახში შვილიანობის მოკლე ისტორია 1960-2016 წლებში. უწინარესად უნდა ითქვას, რომ საქართველოს ოჯახებში შვილიანობა უკავშირდება ერთი მხრივ, გლობალური დემოგრაფიული გადასვლის კანონზომიერებებს, მეორე მხრივ სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის ეფექტიანობას, რასაც ასახავს კიდეც ქვემოთ მოყვანილი ცხრილი.

ცხრილი

ცოცხლად დაბადებულები რიგითობის მიხედვით საქართველოში 1960-2016 წწ. [Tsuladze G. 2016. Demographic yearbook of Georgia 2015.Tbilisi. pp. 53-54].

 წლები

დაბადების რიგითობა, %

სულ ცოცხლად დაბადებუ­ლები

მესამე და მომდევნო რიგითობის ბავშვთა წილი, %

I

II

III

ოთხი და მეტი

1960

34.7

28.8

17.2

19.3

102860

36.5

1970

36.6

31.1

16.7

15.6

90206

32.3

1980

48.6

33.0

12.1

6.3

89458

18.4

1990

44.6

34.0

15.6

5.8

92815

21.4

1992

49.8

33.6

12.1

4.5

72631

16.6

1994

54.1

32.3

9.8

3.8

57311

13.6

1996

51.6

33.7

10.6

4.1

55000

14.7

1998

50.9

33.4

11.5

4.2

51526

15.7

2000

51.9

33.3

10.8

4.0

48800

14.8

2007

60.6

28.5

8.3

2.6

49287

10.9

2008

55.4

32.1

9.5

3.0

56565

12.5

2009

53.1

33.3

10.5

3.1

63377

13.6

2010

49.6

35.6

11.3

3.4

62585

14.7

2011

47.6

37.4

11.6

3.4

58014

15.0

2012

46.2

38.1

12.1

3.5

57031

15.6

2013

45.3

38.1

12.8

3.8

57878

16.6

2014

43.5

38.2

14.4

3.9

60635

18.3

2015

41.7

38.2

15.5

4.6

59249

20.1

2016

40.5

38.1

16.6

4.7

56569

21.3



1970 წლამდე ოჯახში შვილიანობის მაღალი მაჩვენებელი, მათ შორის მრავალშვილიანობა დაკავშირებულია მოსახლეობის აღწარმოების მესამე ფაზის დადგომასა და "ბეიბი ბუმის" დამთავრებასთან. შედეგად, 1960 წელს საერთო დაბადებულებში მესამე და მომდევნო რიგითობის ბავშვთა მაღალი მაჩვენებელი 36,5% 1970 წლისთვის 4,1%-ით 32,4%-მდე შემცირდა. ამ პერიოდში კომუნისტურ ქვეყანაში ტარდებოდა სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკა _ ბვშვის დაბადებისას მის სრულწლოვანების მიღწევამდე ფინანსური დახმარება. მაგრამ 1970-იან წლებში ქვეყანაში ევროპული დემოგრაფიული ქცევის ფორმირებამ და "ბავშვთა ცენტრიზმმა" შეცვალა მრავალშვილიანობისადმი დამოკიდებულება. 1984 წელს საქართველოში, საკავშირო მთავრობის მხარდაჭერით, დაიწყო მრავალშვილიანობის სტიმულირება. 3 და მეტშვილიან დედებს ყოველთვიური ფინანსური დახმარების გარდა ურიგოდ აძლევდნენ სახელმწიფო ბინებს, ავტომანქანებს და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა გარკვეული ნეგატიური გამოვლინებები (კორუფცია და ა.შ.), საერთო ჯამში გარკვეული დემოგრაფიული შედეგი მოიტანა და 1990 წლისთვის მესამე და მომდევნო შვილთა წილმა დაბადებულთა საერთო რაოდენობაში 21.4% შეადგინა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემათა გამწვავებამ ქვეყანაში ერთბაშად გააუარესა დემოგრაფიული ქცევა. გაიზარდა ქვეყნის გარეთ ემიგრაციის პროცესი და 1992 წლიდან 2015 წლამდე 1,5-ზე მეტი კაცი გავიდა ქვეყნიდან. აღნიშნულმა მოვლენებმა დააჩქარა მოსახლეობის აღწარმოების ტიპის ცვლილება და ქვეყანაში ფორმირება დაიწყო უახლესმა ტიპმა, რაც ძირითადად ევროპაში 1970-იან წლებში დაწყებულმა მეორე დემოგრაფიულმა გადასვლამ განაპირობა. შემცირდა შობადობა და დაბერების ზრდის ფონზე გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა. 1995-2007 წლებში შობადობის შემცირების და მოკვდაობის ზრდის შედეგად ბუნებრივი მატება ნულოვან დონეზე აღინიშნებოდა და ქვეყანა დეპოპულაციის პირას დადგა.

ამ ფონზე, მიუხედავად დემოგრაფთა არაერთი წინადადებისა და რეკომენდაციისაა, მთავრობა არაფერს აკეთებდა. მესამე და მომდევნო რიგითობის ბავშვთა წილი დაბადებულთა საერთო რაოდენობაში 2007 წლისათვის უკიდურესად დაბალ დონემდე 14,7%-მდე დაეცა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო "დემოგრაფიული გარდატეხა". სახელმწიფოს უმოქმედობის ფონზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოწოდებამ მესამე და შემდგომი რიგითობის ბავშვის მონათვლის თაობაზე არნახული დემოგრაფიული შედეგი მოიტანა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ევროპის ქვეყნებში და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლი ქართველ დემოგრაფთა (ა.სულაბერიძე, გ. წულაძე) მეცნიერულმა კვლევებმა შეასრულა, მათ მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებდა, რომ ქართულ ოჯახში არსებობდა მესამე და შემდგომი რიგითობის ბავშვზე მოთხოვნილება, რომლის რეალიზება არა მხოლოდ მატერიალური მდგომარეობის გამო, არამედ სახელმწიფოს მხრიდან დემოგრაფიული ვითარების გამოსწორების მიზნით პოლიტიკური ნების არარსებობის გამო არ ხდებოდა.

ამდენად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოწოდებამ მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა და მესამე და შემდგომი რიგითობის ბავშვის წილი დაბადებულთა საერთო რაოდენობა 1990 წლის დონეს (21,4%) გაუთანაბრდა. 2007 წლიდან 2014 წლისათვის შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტის მაჩვენებელი 1,76-დან 2,33-მდე (ოფიციალურად 1,45-დან 2,19-მდე) გაიზარდა.

2010 წლიდან გარკვეულწილად შეიცვალა სახელმწიფოს დამოკიდებულება ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული ვითარების მიმართ და მრავალშვილიანი ოჯახების დამოკიდებულებასთან მიმართებაში. საყურადღებოა ბოლო წლებში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები, რომლის ერთ-ერთი ნაწილია შობადობის სტიმულირება. 2014 წლის 1-ლი ივნისიდან რეგიონებში, სადაც შობადობის მნიშვნელოვანი კლებაა და არ არის ბუნებრივი მატება, ყოველი მესამე, 2 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელი სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას იღებს. დახმარების ოდენობა მთიან რეგიონებში – 200 ლარის, ხოლო ბარში 150 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ეს არის სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც მოიცავს რამდენიმე მიმართულებას. მოდელის შერჩევა მოხდა დემოგრაფიული სიტუაციიდან გამომდინარე და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით. რეგიონებში, სადაც დემოგრაფიული ბალანსი უარყოფითია და მაღალი მოკვდაობა და დეპოლულაციაა, სახელმწიფო სტრატეგია სწორედ მრავალშვილიანობის სტიმულირებისკენაა მიმართული. გაიზარდა დეკრეტული შვებულება 477-დან 780 კალენდარულ დღემდე, ანაზღურების რაოდენობა 600 ლარის ნაცვლად 1000 ლარი გახდა. ანაზღაურებადი შვებულება 126 დღის ნაცვლად 183 კალენდარული დღეა.

სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არის განსაზღვრული მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი. უნდა არსებობდეს ერთი სტანდარტი, თუ რომელი ოჯახი ითვლება მრავალშვილიანად. საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების ძალისხმევით, 1990 წელს, "გმირი დედის წოდება" "ქართვლის დედის" წოდებით შეიცვალა. დებულების პროექტით, რომელიც დღემდე არ დამტკიცებულა, წოდება ეძლეოდათ 5 და მეტშვილიან დედას, რომლის ოჯახის ყველა წევრი ლაპარაკობს ქართულ ენაზე და ოჯახში არავინაა ნასამართლევი. 1995 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საგადასახადო შეღავათებში გათვალისწინებულია, რომ ქალი, რომელსაც მინიჭებული აქვს "ქართვლის დედის" საპატიო წოდება სარგებლობს საგადადახადო შეღავათით. ეს მხოლოდ ფურცელზე დაწერილ კანონად დარჩა, რადგან "ქართვლის დედის" წოდება არავისთვის მიუნიჭებიათ.

დასკვნა

ქვეყანაში გატარებულ ღონისძიებებთან ერთად, აუცილებელია, შეიცვალოს საზოგადოებაში მრავალშვილიანი ოჯახებისადმი დამოკიდებულება, მათი, როგორც პრობლემური, წარუმატებელი და კმაყოფაზე მყოფი ოჯახებისადმი. ეს უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს, საზოგადოების და ეკლესიის ერთობლივი ძალისხმევით და მრავალშვილიანი ოჯახის მიმზიდველი სახე მოექცეს ყურადღების ცენტრში. მრავალშვილიანები მისაბაძნი უნდა გახდნენ ახალგზრდებისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა _ ევროკავშირის სახელმწიფოები და საქართველო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. IDFI 2016, თბილისი.
2. საქართველოში მართლმადიდებელ მორწმუნეთა დამოკიდებულება სოციალურ-დემოგრაფიული ქცევისა და ოჯახის პრობლემებისადმი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიუტი. 2016, თბილისი „თბილისის სასულიერო აკადემიიაა და სემინარიის გამომცემლობა”.
3. სულაბერიძე ა. 2007, ფიქრები ქართულ ოჯახსა და დემოგრაფიაზე. თბილისი.
4. წულაძე გ. 2013, საქართველოს დემოგრაფიული პერსპექტივები 2015-2030 წლები. თბილისი.
5. Bengston, V. L. (2001). Beyond the nuclear family: The increasing importance of multigenerational bonds. Journal of Marriage and Family, 63(1), 1-16.
6. Bittman M., Craig L., & Folbre, N. (2004). “Packaging Care: What Happens When Parents Utilize Non-parental Child Care”. In: M. Bittman & N. Folbre, (Eds.), Family Time: The Social Organization of Care. London: Routledge.
7. Tsuladze G. 2016. Demographic yearbook of Georgia 2015.Tbilisi. pp. 53-54.
8. Антонов А.И.. Вести с семейного фронта. . http://www.sorokinfond.ru/index.php?id=899
9. Карлсон А. 2003.Общество-семья-личность: социальный кризис Америки. М., „Грааль“.